ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“ კომენტარი გააკეთა თემაზე ახდენს თუ არა ხელისუფლება ზეწოლას სესხების ამომღებ კომპანიებზე, რათა მათ გააფორმონ ხელშეკრულება ფონდ „ქართუსთან“.
„თქვენ ვერ დაასახელებთ ბიზნესს იქნება ეს მცირე, მიკრო თუ მსხვილი ბიზნესი, რომ რაიმე ტიპის ტერორი ქვეშ ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენს მიმართ შეიძლება იყოს პრეტენზია, რომ შედარებით ნელი ვართ გადაწყვეტილებების მიღებაში, ვფრთხილობთ და დემოკრატიის პირობებში, ეს ყველა ხელისუფლებას ახასიათებს და ცოტა აქვეითებს ეფექტურობას ეს ასეა, მაგრამ სხვა ყველა დანარჩენი მართვის მოდელი ჩემზე კარგად იცით, რომ უარესია.
რაც არ უნდა ერთმანეთს ვუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვატერორებთ ბიზნესს, ხომ არავინ არ დაიჯერებს, რადგან თვითონ ხომ კარგად იციან ბიზნესმენებმა? ეს ქვეყანა ხომ იცით რა პატარაა? ხომ იცით, რომ არაფორმალურ კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს? რამდენიც არ უნდა მოგატყუოთ, თუ პირიქითაა, ხომ გაიგებთ ამას თუნდაც თქვენი მეზობლისგან ან ნათესავისგან? ამიტომ არაა საჭირო ღია კარის მტვრევა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.