თბილისის ავტობუსებზე სამუშაოდ 19 ქალ მძღოლს ამზადებენ. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“
ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიღებული 10 ქალი გადამზადების პრაქტიკულ კურსს გადის, ხოლო მეორე ეტაპზე მიღებული 9 ქალი - თეორიულ კურსს.
„პირველ ნაკადში მიღებულმა 10-მა ქალმა უკვე გაიარა თეორიული სწავლების კურსი და ახლა ისინი პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან, რომლის შემდეგაც ჩააბარებენ გამოცდას. გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კი, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობაზაში სწავლების 2-კვირიან კურსს გაივლიან, რის შემდეგაც დასაქმდებიან. მეორე ეტაპზე 9 მძღოლი გადის თეორიული მომზადების კურსს. ჯამში 19 ქალი მზად იქნება დასაქმებისთვის, თუ ისინი შესაბამის ეტაპებს, მათ შორის გამოცდას წარმატებით გაივლიან“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ცნობისთვის, სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.