ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში სამი პაციენტი გადაიყვანეს.
ამჟამად კატასტროფის ბრიგადებს ხობის საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი გადაჰყავთ თბილისში.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება.
"ეს არის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. მეორე ქალბატონის მდგომარეობაც მძიმეა, მას 50-60 პროცენტი აღენიშნება დამწვრობა. ორივე მართვით სუნთქვაზეა. მძიმეა არასრულწლოვანის მდგომარეობაც. სამივეს აღენიშნება დამწვრობითი შოკის კლინიკური სურათი", - განუცხადა პირველ არხს ორჟონიამ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო.