(რეზონანსი) „თუ გავითვალისწინებთ რომ შავ სიაში მყოფი პირების დავალიანების დასაფარად მილიარდნახევარ ლარს ფონდი „ქართუ" იხდის, გამოდის რომ მოქალაქეების ვალს არა მთავრობა, არამედ კერძო სექტორი გაანულებს" - ამ განცხადებით ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მამუკა ბახტაძის გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურია, თუმცა ის არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით კითხვებს ბუნებრივად გააჩენს. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ ეფექტს, ჭარაია ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება დადებითად აისახება როგორც ხსენებულ 600 ათას ადამიანზე, ასევე ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებზეც, რომლებიც თითქმის დაკარგულ, უიმედო თანხებს დაიბრუნებენ.
„ეს ნიშნავს, რომ ბანკებს თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცემათ მომხმარებელს ახალი პროდუქტები უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით შესთავაზონ. ამავე დროს მნიშვნელოვანია გარკვეული რეგულაციების გამკაცრებაც, რომ დაბალი შემოსავლის მქონე პირები, ვისაც შავი სიიდან ამოიღებენ გარკვეული ხრიკებით კვლავ იგივე მახეში არ გააბან", - აცხადებს ვახტანგ ჭარია.