რეზონანსი
17.11.2018

 (რეზონანსი) სამართალდამცველები გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ პოლიციას 14 წლის გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა და ახლა იქ სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს.

იაგო ნებიერიძის სახაზინო ადვოკატი, მაია გრიგოლიშვილი, ამბობს, რომ მას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული და საკითხის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრეს.

"მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა მტკიცებულებებია საქმეში, ამაზე ვერ ვისაუბრებ. მოგეხსენებათ, რომ ხელწერილი მაქვს, არ გავამჟღავნო საქმესთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია," - განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე, დამატებით განცხადებას ვერ გააკეთებს. ადვოკატი არც იმაზე ამბობს რამეს, აღიარა თუ არა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ ჩადენილი დანაშაული.

"ჩემთვის არ არის ცნობილი და შესაბამისად, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მე მეტს ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. არ საუბრობს არანაირ საქმესთან დაკავშირებით," - განაცხადა გრიგოლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×