(რეზონანსი) საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულიად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.
პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახსა და მთელს საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
"მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.
შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი დაესწრო.