
შარშან ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს გადასცემენ.
"2017 წლის 26 ივნისში, არაბეთის ზღვაში უბედური შემთხვევა მოხდა ტანკერ “Rama2“-ზე. შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს ჩვენი გემი იმყოფებოდა. შეგვატყობინეს, რომ კოლეგებს სჭირდებოდათ დახმარება და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ მათ გადასარჩენად. სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ და 13 კაცი გადავარჩინეთ. სამწუხაროდ, მათი ეკიპაჟიდან ერთი მეზღვაური, უფროსი თანაშემწე დაიღუპა", – იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე "ბათუმელებთან".
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ კაპიტანი ლევან მამალაძე, მეზღვაურები – დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე , თენგიზ კარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვი, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი და გოგი ბაგრატიონი.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია IMO ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს მეზღვაურებს. დაჯილდოების ცერემონიალი 6 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათავო ოფისში. ჯილდოს მისაღებად ლონდონში კაპიტანი ლევან მამალაძე ჩავა.