
15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. ნანრევებში მოყოლილ დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთ მეზობლის თქმით, თითქოს უბედურება გაზის გამათბობელს მოჰყვა, რომელიც დაზიანებული იყო. აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია.
"ხმა კილომეტრის მანძილზე ისმოდა, – ტრასაზე მიმავალი მანქანებიც კი გაჩერდა. თავდაპირველად ითქვა, რომ აფეთქება მოხდა მესამე სართულზე 3 ადამიანი კი დაშავდა, დამწვარ-დასახიჩრებულები გამოიყვანეს, მაგრამ საბედნიეროდ იცოცხლებენ. რაც მთავარია, 4 წლის ბავშვი გადარჩა სრულიად უვნებელი, – პატარა გამოსასვლელი კართან დამალულა და საღსალამათი გამოიყვანეს.
ტრაგედია დატრიალდა მე-2 სართულზე, სადაც აფეთქების გამო მოგლეჯილი ბეტონის ფილა ჩავარდა, მის ქვეშ კი დედა-შვილი მოჰყვა. მესამე სართულიდან დაშავებულების გამოყვანის პარალელურად, მაშველები მეორე სართულზეც ცდილობდნენ შესვლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. გასაღები რომ მოიკითხეს, მეზობლებმა არ იცოდნენ სად შეიძლება ყოფილიყვნენ ოჯახის წევრები ან საერთოდ ვინმე თუ იქნებოდა ბინაში. ბოლოს კარი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ. კარგა ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს გარდაცვლილები, ამისთვის სპეციალური ტექნიკაც კი დასჭირდათ.
გარდაცვლილები არიან სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი. რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ. განადგურებულები ვართ…" - განუცხადეს "კვირის ოალიტრას" მეზობლებმა.