საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლო განჩინების თანახმად, რომელიც მისმა ადვოკატმა მოიპოვა, მირტაგი ასადოვი 8 ნოემბერს, ქალაქ ბაქოში, 12:30 საათზე, ნარიმანოვის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლთან დააკავეს, რა დროსაც ის მობილურზე ხმამაღლა საუბრობდა და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. მას სამოქალაქო ფორმიანი პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და შენიშვნა მისცეს, რაზეც ოქმის თანახმად, ასადოვი უფრო გაბრაზდა.
სასამართლო განჩინების თანახმად, ასადოვმა ბრალი აღიარა. მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარადეს.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მირტაგი ასადოვი 7 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს. ეს ინფორმაცია ოჯახის წევრებს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა შეატყობინა, რომელსაც მგზავრები და მათ შორის მირტაგი ასადოვიც ბაქოს მიმართულებით გადაჰყავდა.