1859 წელს ცნობილი თბილისელი ვაჭრის - თამამშევის თანხით თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, განის ქუჩაზე (დღევანდელი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა #20) ცნობილ გერმანელ არქიტექტორ ოტო სიმონსის პროექტით აშენდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
ამ სახლში, რომელიც დღეს "სმირონვების სახლის" სახელით არის ცნობილი, ცხოვრობდა ცნობილი მეცნიერი მიხეილ სმირნოვი, რომელიც თბილისში 1867 წელს ჩამოვიდა. ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კავკასიის მთავარმართებლის განსაკუთრებულ საქმეთა ჩინოვნიკის თანამდებობაზე დაინიშნა, თუმცა ამით არ შემოფარგლულა და მეცნიერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა.
როგორც საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, მიხეილ სმირნოვმა ფეხით შემოიარა მთელი საქართველო. იგი ბუნებასა და მცენარეებს აკვირდებოდა და სწავლობდა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის სამეცნიერო წრეებში მას პირველ კავკასიოლოგად მოიხსენიებენ.
მას მიმოწერა ჰქონდა მიკლუხო-მაკლაისთან, პოლ ბროკთან; თბილისის კავკასიის მუზეუმში თანამშრომლობდა გუსტავ როდესთან. როგორც უკვე ცნობილმა ბოტანიკოსმა, მონაწილეობა მიიღო ბოტანიკური ბაღის მრავალრიცხოვანი ბიბლიოთეკის შექმნაში. პარიზში ჟურანლ "რევიუ ანთროპოლოგში" გამოაქვეყნა სტატია კავკასიის ეთნოგრაფიაზე. 1881 წელს მონაწილეობდა თბილისში ჩატარებულ არქეოლოგთა მეხუთე ყრილობაში, რომელსაც ევროპის ცნობილი არქეოლოგები ესწრებოდნენ. იყო კვავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოების წევრი. დიდი ღვაწლი მიუძღვის კავკასიის გეობოტანიკური რეგიონების დაფუძნების საქმეშიც.
მისი საქმე გააგრძელა მისმა ვაჟმა გიორგი სმირნოვმა, რომელიც თბილისში დაიბადა. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ბრწყინვალედ დაიცვა დიპლომი თბილისის ნიადაგებზე. სტაჟირება გაიარა ლაიფციგში ცნობილ მეცნიერ-პეტროგრაფ ცირკელთან.
მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა, იგი სამუშაოდ თბილისში დაბრუნდა, მამისეულ სახლში და კავკასიის გეოლოგიურად შესწავლა დაიწყო.
სოლოლაკის ამ უმშვენიერეს სახლს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია აქვს. როგორც ამობენ, ამ სახლში თავს იყრიდა იმდროინდელი თბილისისა და მისი სტუმრების კულტურული ელიტა. სმირონვებს სტუმრობდნენ ცნობილი მხატვარი პეტრე აივაზოვსკი, რომელმაც თბილისში ხუთი სურათი დახატა, აქედან ორი დღესაც "სმირნოვების მუზეუმშია" დაცული; ასევე, ცნობილი რუსი კომპოზიტორები რუბინშტეინი და პეტრე ჩაიკოვსკი. სწორედ ამ სახლში სმირნოვების პიანინოზე უკრავდა კონცერტის წინ თბილისში პირველი სტუმრობისას ჩაიკოვსკი.
"სმირონვების სახლში" დღესაც დგას ორი მაგიდა, რომელიც, როგორც ამბობენ, თავად პეტრე პირველის ხელით არის გამოთლილი. ასევე, ინახება პეტრე პირველის ნაჩუქარი ჯვარი და უნიკალური თასები.