“უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!” – ამ სახელწოდებით ინტერნეტში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა.
"რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით.
ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!" - წერია პეტიციის განმარტებაში.
აქცია სახელწოდებით „კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ რუსთაველის გამზირზე გუშინ დაანონსეს. აქცია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას მოჰყვა. ზაზა სარალიძემ მერიას თხოვნით მიმართა, რომ აქციის ჩატარების უფლება დეკემბრის ბოლომდე მიეცათ, თუმცა მერიაში განუცხადეს, რომ 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა.