ე.წ. ტურისტული პატრულების ყოველდღიურ საქმიანობაში გარკვეული მოულოდნელობებიც არის. ასე მოხდა კოტე აბრამიას და ზვიად ზურაბიშვილის მორიგეობისას, როდესაც ისინი სრულიად შემთხვევით იაკუტელი ტურისტის ნათლიები გახდნენ.
"4 თვეა ქვეითი პატრული ვარ თბილისის ტურისტულ უბნებში. მეწყვილესთან ერთად 4 ნოემბერს აღმაშენებლის გამზირზე ასაკოვან ქალბატონს შევხვდით, რომელსაც საცხოვრებელ მისამართამდე მისვლა უჭირდა. რა თქმა უნდა, დავეხმარეთ, მივაცილეთ. გამოგველაპარაკნენ, გაკვირვებული იყვნენ პოლიციის ასეთი ქცევით.
ტურისტი ქალბატონი და მამაკაცი იაკუტიიდან ჩამოსული სტუმრები აღმოჩნდნენ და მათი სურვილით გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. მეორე დღეს, მოულოდნელად დამირეკეს და შევხვდით. გაუჩნდათ სურვილი მართლმადიდებლურ ტაძარში შევსულიყავით. იქვე, სანაპიროზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ვესტუმრეთ. სანთლები ავანთეთ ჩვეულებრივ და 40 წლამდე ასაკის ქალბატონმა თქვა, რომ აქამდე არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო. სურვილი გამოთქვა იქვე მონათლულიყო მართლმადიდებლურად.
ძალიან მოულოდნელი იყო, გაგვესაუბრა ტაძრის მოძღვარი. საბოლოოდ, ხის ჯვარით შესრულდა საიდუმლო. მყავს ახალი ნათლული ტურისტი იაკუტიიდან, გვარად მირონოვა - სიმბოლურია", - უთხრა "ამბებს" კოტე აბრამიამ.