(რეზონანსი) არ არის სირცხვილი, ადამიანმა და კაცმაც იტიროს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა. კაშია „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" სოციალური კამპანიის, "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში იმყოფებოდა, ის კამპანიის კეთილი ნების ელჩია. კაშია სკოლაში განათლების მინისტრის მოადგილესთან და "ლოკომოტივის" ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა.
„ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა ხოლმე. სკოლაში 6 გაკვეთილი გვქონდა, სამი გაკვეთილის შემდეგ იყო 15 წუთიანი შესვენება, რომ ბუფეტში ჩავსულიყავით და „ბულკები" გვეჭამა. მე ვერ ჩავდიოდი, იმიტომ რომ მეშინოდა. მეგობრები არ მყავდა ძალიან ბევრი, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი..ბუფეტთან „კაი ბიჭები" იდგნენ ხოლმე, ოთხნი, ან ხუთნი, „შემაყენებდნენ" ხოლმე - ხურდა მომე, ბიჭოო... ამ ბავშების მართლა მეშინოდა, იმიტომ, რომ მეც პატარა ვიყავი.
„სახლში მეუბნებოდნენ ხოლმე - „ბიჭო, არავინ დაგჩაგროს!" „არ იტირო!" არა და ერთი კვირის წინ ვბღაოდი, ისე ვტიროდი, მამაჩემია ძალიან ცუდად, საავადმყოფოშია. არ არის სირცხვილი, რომ ადამიანმა და კაცმაც იტიროს," - განაცხადა კაშიამ.
"ambebi.ge"