(რეზონანსი) ზუგდიდელმა ახალგაზრდამ ბიჭიკო (ჰარი) კოდუამ პირველი მეგრულ-ქართული და ქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა.
ონლაინ-ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე ესტონეთში, ტალინში სწავლობს.
ის ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერუსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
როგორც კოდუა აცხადებს, ლექსიკონის შექმნა მიზნად მეგრული ენის პოპულირიზაციას ისახავს.
„თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს", - ამბობს კოდუა "იმედი ნიუსთან".
ამ ეტაპზე ლექსიკონი 120,000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს. კოდუას თქმით, www.megrulad.ge ჯერ დასრულებული არ არის და დამუშავება სჭირდება.