(რეზონანსი) შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს, - ასე აფასებს ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას.
როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძემ „მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას".
„შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს. მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!" - წერს თორდია ფეისბუქზე.
ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პროკურატურა გირაოს შეფარსებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.
ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე, ცემის მუხლით წარუდგინა. ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემას ედავებიან.