(რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმაურება.
გოცირიძე ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე თავად არის კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი და მისი „დასჯა" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის თვალის ახვევას ემსახურება. დეპუტატი აცხადებს, რომ ფარცხალაძეს ვერავინ გაუბედავს დაკავებას, რადგან ის ბევრ ინფორმაციას ფლობს.
„ოთარ ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლი შვილი. თითსაც ვერავინ დააკარებს. პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ. ამიტომ წინასაარჩევნოდ ახლა დადგეს პატარა სპექტაკლი, წაუყენებენ ბრალს, რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი მუხლით, მამაკაცური ჩხუბის კონტექსტში. დააჯარიმებენ ორი ათასი, ან ხუთი ათასი ლარით.
მერე მას, რა თქმა უნდა, ფული არ აქვს და დეპუტატები შეუგროვებენ და გადაუხდიან ამ ჯარიმას და ამით დამთავრდება ეს მასკარადი. ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი თვალის ახვევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან", - ამბობს რომან გოცირიძე.