(რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის გზავნილი ადეკვატურია. მასში აღიარებაა სერიოზული სისტემური პრობლემების და ეს თავისთავად კარგია. თუმცა, თუ ეს მიმართვა საარჩევნო ეფექტზეა გათვლილი, ეს უნდა გაკეთებულიყო 28 ოქტომრამდე და ამას 10-ჯერ მეტი გავლენა ექნებოდა, - ასე ეხმაურება "მეტრონომთან" საუბრისას (რეზონანსი) პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვას.
ხუხაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ეს განცხადება დღეს დამაჯერებლობას კარგავს.
"დღეს გაკეთებული ეს განცხადება დიდწილად დამაჯერებლობას კარგავს, რადგან ადამიანების ნდობა იკლებს - ა, გაგიჭირდა და მოგვაკითხე? შეიძლება, ასეთი რეაქცია იყოს. მე როდესაც ვთქვი, რომ ივანიშვილმა ამ პროცესში არ გამოავლინა ლიდერის თვისებები, რასაც მოყვა მისი მხრიდან ჩემს მიმართ აგრესია, ზუსტად ეს მქონდა მხედველობაში. ლიდერი ჩვეულებრივი ადამიანებისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს უნარი წინასწარ გაუსწოროს თვალი პრობლემებს და წინასწარ პრევენტული გზავნილები გაუშვას საზოგადოებაში.
ივანიშვილმა ეს არჩევნებამდე არ გააკეთა. ახლაც კარგია თუნდაც ახლა რომ აღიარებს, მაგრამ პოლიტიკური ეფექტი განუზომლად დაბალი იქნება, ვიდრე 28 ოქტომბრამდე გაკეთებულ განცხადებას", - აცხადებს ხუხაშვილი.