ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა საზოგადოებას საკუთარი ოჯახის ტრაგედია შეახსენა და აღნიშნა რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება ჯოჯოხეთში დაბრუნებას ნიშნავს.
“გაიხსენეთ ჩემი ტრაგედია, როდესაც 40 წლის ქალს დამიმთავრეს აბსოლუტურად ყველაფერი: დედობა, ბებიობა. ახლა უკვე დახუნძლული უნდა ვიყო შვილიშვილებით და არაფერი აღარ დამრჩა ამ ცხოვრებაში. კიდევ კარგი, რომ დისშვილები მყავს და ისეთი ახლობლები, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვცოცხლობ ზუსტად თქვენთვის, ხალხისთვის. მე ვცდილობდი, რომ ხელისუფლებამდე მიმეტანა ეს ხმები და ვახერხებდი ხშირ შემთხვევაში, რომ ყველას დავხმარებოდი, რითაც შემიძლია.
თუ ისინი დაბრუნდნენ, აუცილებლად იქნება სხვა ბუტა, სხვა გიორგი, სხვა სანდრო და მიყვება ამას ასეთი უბედურება, და არავინ არ არის დაზღვეული, რომ მის შვილებს არ შეეხებიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმ ჯოჯოხეთის დაბრუნება, რაშიც ვიყავით, ეს გამორიცხულია და ძალიან ბევრს შეიძლება, ეს არ მოსწონდეს, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე და ეს არ უნდა მოხდეს არაფრით“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.