(რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე, მათ კათალიკოს პატრიარქმა სამომამვლო გეგმებზე ჰკითხათ.
მისივე თქმით, პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ უნდა იყოს დაკავებული ოპოზიციის დევნით.
„არ ვიცი, რატომ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - უწმინდესმა გვკითხა სამომავლო გეგმებზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული სისტემის დანგრევა არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა და ამ გზაზე ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი. ამაზე უწმინდესმა გვითხრა, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს რადიკალური, უნდა იყოს დაკავებული რჩევებით და ხელისუფლების კრიტიკით, ხელისუფლება კი არ უნდა იყოს დაკავებული ოპოზიციის დევნით - ეს არის და ეს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაშაძე, თანაგუნდელებთან ერთად პატრიარქს შეხვდა, რის შემდეგაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კი განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა და შეხვედრისას წინასაარჩევნო გეგმები დეტალურად არ ყოფილა განხილული.
"მეტრონომი"