(რეზონანსი) "ვაღიარებ, რომ ჩემს განცხადებებში არის წინააღმდეგობები, ვამბობ, რომ შარშანწინ ისე იყო და ახლა ასეა", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატის იმუნიტეტი წინა მოწვევის პარლამენტში კოალიცია "ქართული ოცნების" სიით მოიპოვა. ამჟამად იგი ძმასთან, დავით ბერძენიშვილთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.
"გაერთიანებულ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს "რესპუბლიკური პარტია" უჭერს მხარს მთლიანად, მეც და დავით ბერძენიშვილიც. მის გარეშე, როგორ მივიღებდით გადაწყვეტილებას? ეს გადაწყვეტილება "რესპუბლიკურმა პარტიამ" ერთობლივად მივიღეთ", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრინდელი და ამჟამინდელი პოლიტიკური განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მხარს მაინც გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, რომელმაც დააანონსა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს და საქართველოში დააბრუნებს. ამასთან, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იგი პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეიწყალებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც აანონსებს.
"კვირა"