ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, თამარ დუმბაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ მეუღლესთან 29 წლიან თანაცხოვრებას სალომე ზურაბიშვილის გამო უსვამს წერტილს:
"29 წლის თანაცხოვრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფრისათვის წერტილი დამესვა დავიღალე მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნით ეს გახდა საფუძველი იმ განცხადებისა, რაც გააკეთა დღეს ვლადიმერ ვადაჭკორიამ. მე არასოდეს არ და ვერ ვუღალატებ ჩემს პრინციპებს ვარ "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" წევრი და მისი ერთგული ჯარისკაცი. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გადავიტანე და ბევრსაც გაუძელი იმედია ამ ძლიერ დარტყმასაც გავუძლებ თქვენთან ერთად. დამეთანხმებით ალბათ , რომ ეს არის უდიდესი გამოწვევე, რომელსაც ვიღებ იმედია გაგებით მოეკიდებით ჩემო კეთილის მსურველებო განსაკუთრებით ჩემო სალომიკო. ერთი სიტყვით "აქა ვდგევარ და სხვანაირად არ ძალმიძს", - წერს თამარ დუმბაძე.
დღეს "გურიის მოამბესთან" დუმბაძის მეუღლემ ვლადიმერ ვადაჭკორიამ, რომელიც ადგილზე რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელია, განაცხადა რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭერს:
"თქვენ საქმის კურსში ხართ, რომ ჩვენმა პარტიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით და ჩვენც თავისთავად მხარს "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ. ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით რა ფორმით, შესაძლოა ეს იოყოს მხოლოდ ხმის მიცემა და საინფორმაციო აგიტაცია თუ შტაბებში მუშაობა, თუმცა ის, რომ მხარს ვუჭერთ-გადაწყვეტილია" - უთხრა "გურიის მოამბეს" ვადაჭკორიამ.