(რეზონანსი) გუშინ ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი მოცურდა, ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი მილს შეეჯახა. ავარიისას გარდაცვლილ 28 წლის იამზე ჯუმუშაძეს წინა დღეს ქორწილი ჰქონდა, მასთან ერთად დაიღუპა მისი მულიშვილი 15 წლის ლუკა წულუკიძე, გოგონას მეუღლე, 32 წლის ალეკო თავდგირიძე მძიმედ დაშავდა.
"ალეკო 2 წლის წინ გაიცნო. ქორწილი რესტორანში გადაიხადეს და სწორედ იქედან ბრუნდებოდნენ სიძის სახლში, როცა ეს ებედურება მოხდა.
დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ სიძე-პატარძლის მანქანა იმ დონეზე მოცურდა, რომ ერთხანს კატასტროფული სიჩქარით იტრიალა, რის შემდეგაც ბორდიურს შეეჯახა, ამ დარტყმის ძალით კი გზაზე დამონტაჟებულ რომელიღაც მილს. მანქანა ისე დაილეწა, მისი ცნობა აღარც შეიძლება. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ორი ახალგაზრდას სიცოცხლე დასრულდა. მათ შორის 15 წლის ბავშვის. ამაზე მეტი უბედურება ამ ქვეყნად არ არსებობს", - ამბობს დაღუპული ქალის ბიძაშვილი ემზარ ჯუმუშაძე "კვირის პალიტრასთან"
15 წლის ლუკა წულუკიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთიდანაა. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, სიძე-პატარძლის მანქანის ავტოკატასტროფაში მოხვედრისას მაყრიონში იყო ლუკას დედ-მამის მანქანაც.
"ლუკას ყველას მოფერება და მოსიყვარულება უყვარდა. იმიტომაც აღმოჩნდა ალბათ სიძე-პატარძლის მანქანაში ქორწილის დღეს, რადგან ბიძამისზე გიჟდებოდა და მის გვერდით ყოფნა უნდოდა. თურმე ქორწილამდე ერთი კვირის განმავლობაში სიხარულისგან დაფრინავდა, - ახლა ბიძაჩემის ქორწილში წავალ და სულ მათთან დავრჩებიო. ამ სიტუაციაში ადამიანმა რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს, აღარ ვიცი. ხალხი იმას ვერ მიეჩვია, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ" - დასძენს ჯუმურაძე.