(რეზონანსი) ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს. ამის შესახებ გოგიას ადვოკატმა მერაბ მამულაძემ განაცხადა.
„ლაშა გოგია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და წარმოდგენა არ აქვს, რას და რატომ ედავება პროკურატურა. აპირებს, რომ იბრძოლოს და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და ასეც იქნება", - ამბობს მერაბ მამულაძე „ინტერპრესნიუსთან".
მისივე თქმით, გოგიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ამჟამად ზუგდიდის ყოფილი მერი სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს ყოფილ მერთან ერთად დაკვებული ვიცე-მერი გია გულორდავა. ის დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის ინფორმაციით, გულორდავას ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა გუშინ დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.