(რეზონანსი) ვყვიროდი, მიმიშვით, დახმარებას აღმოვუჩენ-მეთქი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, ცოცხალი აღარ არისო, - ამის შესახებ განცხადებას გორში მოკლული 8 წლის გოგონას მეზობელი აკეთებს.
მეზობელი ქალი იხსენებს, რომ ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა.
"ნანიკო ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, ჩვენთან დაჯდებოდა და თანატოლივით გველაპარაკებოდა. მეზობლებმა ნახეს, ბავშვმა როგორ ჩაიარა, შემდეგ პარალელური ქუჩა უნდა გაევლო. იქამდე რომ არ იყო მისული, მაღაზიის სათვალთვალო კამერებზე ჩანდა. ამიტომ, ძირითადად, ამ პატარა ქუჩებში ვეძებდით. კინოლოგებმა ძაღლი რომ მოიყვანეს, სუნი აიღო და ყველა ერთი მიმართულებით წავედით. უცებ ყვირილი ატყდა.
"ქალებიდან მე ვიყავი პირველი, იქ რომ მივედი. პოლიციელი ახლოს არ მიშვებდა, მაგრამ დავინახე, ბავშვი მოკუნტული იწვა, ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. მანამდე თურმე მეზობელმა ნახა ცხედარი და ცელოფანის პარკი მას გადაუხდია. ვყვიროდი, მიმიშვით, დახმარებას აღმოვუჩენ-მეთქი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, ცოცხალი აღარ არისო. ურიკის ბორბლის ნაკვალევიც ეტყობოდა იმ ტერიტორიას", - ამბობს მეზობელი "კვირის პალიტრასთან".
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის იაგო ნებიერიძე. ნებიერიძე ციხიდან წელს გამოვიდა. ცნობილია, რომ ნებიერიძე დანაშაულს არ აღიარებს. ის ბავშვის მკვლელობის ღამეს გორში, მისი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს.
8 წლის ნანიკო ბერიაშვილის ოჯახში განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც ცეკვაზე წასულმა ბავშვმა შინ მისვლა დააგვიანა. გაირკვა, რომ ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე არც ყოფილა.