(რეზონანსი) თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა.
საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ რუსთაველზე აქციები გაგრძელდება.
„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჯანმრთელობა როგორ და რა დოზითაც გამიშვეს, იმ დოზით ვიქნები რუსთაველზე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის რა თქმა უნდა, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება, პროკურატურა ჩემთვის პროკურატურაა. დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს თუ ჩხოროწყუ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძე 26 ოქტომბერს რუსთაველზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და შს სამინისტროში გადაიყვანეს. უწყებაში მიმდინარე გამოკითხვისას ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.
ზაზა სარალიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული არ არის და სასამართლომდე თავისუფალია.