(რეზონანსი) მარნეულში, სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბის შედეგად დაზიანება მიიღო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ის პოლიციამ კლინიკაში გადაიყვანა.
არეულობა კი მას შემდგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ მართველი გუნდი ამომრჩევლებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მტკიცებით ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი თენგიზ ნავერიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ისინი აიძულებდნენ ამომრჩევლებს ხმა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მიეცათ.
თავად თენგიზ ნავერიანი კი აცხადებს, რომ ის თვალყურს ადევნებს, რომ პროცესს და უბნის გარეთ ყოფნას მას კანონი არ უკრძალავს.
შსს-ს ინფორმაციით კონფლიქტში მონაწილე ორი პირია დაკავებული. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის პირველი მუხლით ედავება, რაც კენჭისყრის ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.