რეზონანსი
28.10.2018

 (რეზონანსი) ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც, - ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებს და საპრეზიდენტო კანდიდატების უხეშად მოხსენების ფაქტებს.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია დასრულდა. უწმინდესმა მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.

"დღეს განსაკუთრებული დღეა - ქართველი ერი ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არა მარტო იმათთვის, ვინც იყო კანდიდატი პრეზიდენტობის, არამედ მძიმე იყო მთელი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც უხეშად იხსენიებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.

მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს: "ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ".

რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: "ჰე უფალო მომანიჭე განცდაი, თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა". უნდა დაინახოს ადამიანმა საკუთარი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ: "შეიცანი თავი შენი". უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასის. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე", - ბრძანა უწმინდესმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×