გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძე წარსულში ორგზის ნასამართლევია. წლების წინ ის სახალხო დამცველის ანგარიშში იყო მოხსენიებული.
დაკავებული იაგო ნებიერიძის ცემის ფაქტზე მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გენერალურ ინსპექციას საქმის მოკვლევის რეკომენდაციით მიმართავდა. 2004 წლის 10 დეკემბერს შიდა ქართლში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი არაყიშვილმა იაგო ნებიერიძე დროებითი დაკავების საკანში სასტიკად ნაცემი ნახა. ამის შესახებ ინფორმაცია 2004 წელს მედიაშიც გავრცელდა სახალხო დამცველის ოფისზე დაყრდნობით.
"როგორც ნებიერიძე აცხადებს, პოლიციამ იგი ჯერ ბინაში დაკავებისას სცემა, მერე – გორის შს სამმართველოში, შემდეგ კი – პროკურატურაში, გამომძიებელ ცეცხლაძის კაბინეტში აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.
სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, გამომძიებელი ცეცხლაძე და ცემაში მონაწილე პოლიციელები დაემუქრნენ დაკავებულს, რომ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის გახმაურების შემთხვევაში სასტიკად გაუსწორდებოდნენ.
დაკავებულს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, თუმცა სხეულის დაზიანების ფაქტი სახალხო დამცველის მიერ გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა დააფიქსირეს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საქმის გადაუდებელ გამოძიებას და დამნაშავე ძალოვანების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს” – აღნიშნულია 2004 წელს მოკვლეულ ინფორმაციაში.
25 ოქტომბერს იაგო ნებიერიძე კვლავ დაკავეს. ის გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული.