რეზონანსი
26.10.2018

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის იაგო ნებიერიძე მძიმე დანაშაულის გამო რამდენჯერმე ნასამართლევია. პირველად ის პოლიციამ 11 წლის მოზარდის გატაცების საქმეზე 2004 წელს დააკავა. გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ 20 წლის ნებიერიძე ბავშვის მშობლებს გამოსასყიდს – 20 000 ლარს სთხოვდა. ოჯახი ფულის გადახდას დათანხმდა, თუმცა ამის მიუხედავად, 14 წლის წინ გატაცებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია.

იაგო ნებიერიძე 2004 წელს მამასთან ერთად გატაცებული ბავშვის ოჯახში მუშაობდა. დაკავების დროს ახალგაზრდას ბრალი ორი მძიმე მუხლით წაუყენეს. საბოლოოდ ის მოსამართლემ გამოძალვის ნაწილში დამნაშავედ ცნო, თუმცა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გაამართლა.

ნებიერიძის ადვოკატი წლების წინ ზურაბ ნეფარიძე იყო, რომელიც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. იგი ქრთამის აღების ბრალდებით შარშან დააკავეს.

კიდევ ერთი მძიმე დანაშაული, რომელსაც ნებიერიძეს ედავებიან, ახალგაზრდა ქალზე ძალადობაა. ბრალდებულის მეზობლები „კურიერთან" ყვებიან, რომ 25 წლის მამაკაცმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად გოგონა გაიტაცა, გადამალა და ოჯახს ამ შემთხვევაშიც გამოსასყიდი მოსთხოვა.

დავით ნებიერიძემ ციხე ცხრა თვის წინ დატოვა. ის სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდიდა. მას ყაჩაღობის ბრალდებით სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი პრეზიდენტის შეწყალების აქტით შეუმცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×