რეზონანსი
25.10.2018

 (რეზონანსი) ევროპამ უნდა გაიგოს, რომ „საკუთარ ტერიტორიებს შესაძლო საპასუხო დარტყმის საფრთხის ქვეშ აყენებს" მოსკოვის მხრიდან, თუ აშშ-ის რაკეტების განთავსებას დასთანხმდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შესახებ შედეგების თაობაზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთავარი საკითხია: თუ აშშ გავა შეთანხმებიდან, რას იზამენ ახალი რაკეტებით. თუ მათ ევროპაში განათავსებენ, ბუნებრივია, ჩვენ სარკისებურად მოგვიწევს პასუხის გაცემა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ევროპას არ უნდა უღირდეს საფრთხის ასე გამწვავება.

პუტინი აშშ-ის გადაწყვეტილების განხილვას, რუსეთთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე, აშშ-ის პრეზიდენტთან პარიზში შეხვედრისას გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. უფრო მეტიც, აშშ რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლისთვის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს.

შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტებს, მიხეილ გორბაჩოვსა და რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვეს საშუალო და ახლო მოქმედების ბალისტიკური და საფრენი რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლია.

შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რამეთუ იაზრებენ, რომ "ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×