(რეზონანსი) 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას გამართავს. როგორც „ქართული ოცნების" პრესამსახურში აცხადებენ, ამჯერად პარტიის თავმჯდომარესთან კითხვების დასმის საშუალება ექნებათ "მაესტროს", "ობიექტივის", "პალიტრა NEWS", "კავკასიის" და "იბერია TV"-ს ჟურნალისტებს.
აქვე, პრესამსახურში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბრის შეხვედრაზე ხელმეორედ იწვევს რუსთავი 2-ს, რადგან, როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილის მოწოდება განხვავებული აზრის პატივისცემისკენ „ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა".
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს:
"მაესტრო", "ობიექტივი", "პალიტრა NEWS", "კავკასია", "იბერია TV".
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.
სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე რუსთავი2-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება.
ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც განაგრძობს." - ნათქვამია „ქართული ოცნების" პრესამსახურის განცხადებაში.
შეხვედრა გაიმართება ტექნო პარკში, მისამართი: ქ.თბილისი, ინოვაციების ქ.#7