რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და 78-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რათა დაცვის მხარეს მალხაზ კობაურთან ერთად დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მიეცეს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი, რადგან გვეზღუდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. ჩვენ გვეზღუდება პატიმრის დროებით გამოყვანის შესაძლებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ჩვენ ხვალ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ", - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

მალხაზ კობაურის ადვოკატები ასევე აპირებენ, რომ მოკლული სმითების ოჯახის წევრებთან ამერიკაში ჩავიდნენ და ისინი გამოკითხონ.

18 ოქტომბერს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება მალხაზ კობაურს ლორა სმითის გაუპატიურებას არ ედავება. 21 ივლისს „ქრონიკისთვის" სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×