პარლამენტს, ღამის საათებში მოტოციკლით ან სპორტული მანქანით გამოწვეულ ხმაურზე ჯარიმის დაწესების ინიციატივით მიმართეს. ჯარიმა 100-დან 500 ლარამდეა გათვალისწინებული.
საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქე კახა ყურაშვილმა დაარეგისტრირა. კერძოდ, ცვლილებას ითვალისწინებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში, მოტოციკლით ან სპორტული მანქანით ღამის საათებში, გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მოძრაობის დროს, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვა, რაც იწვევს ხმაურს, რომელიც არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს და იწვევს ადამიანთა მნიშვნელოვან შეწუხებას – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. თუ ეს ჩადენილი იქნება ისეთი სატრანსპორტო საშუალებით რომელსაც მოხსნილი აქვს მაყუჩი – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში, მოტოციკლით ან სპორტული მანქანით საგზაო მოძრაობისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე შეჯიბრის გამართვა, რომლისგან გამოწვეული ხმაური არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს ან/და საშიშროებას უქმნის მოძრაობის ან ქვეითთა უსაფრთხოებას – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ყველა ამ ქმედების ჩადენა ერთი წლის განმავლობაში თითო ჯერზე 500 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ღამის საათებად ითვლება 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.