რეზონანსი
23.10.2018

 პოლტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ხვალ დაგეგმილი ტელედებატები, სადაც პრეზიდენტობის 3 მთავარი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილისათვის წარუმატებელი იქნება. ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა.

„ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი კანდიდატები არიან გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, რადგან ორივეს გააჩნია მომავლის ხედვა და შესაბამისი ინტელექტი, რომ მოსახლეობას საკუთარი მომავლის ხედვა წარმოუდგინოს.

„ბატონ ვაშაძესა და ბაქრაძეს შორის უნდა გამოვლინდეს წესით გამარჯვებული, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი წესები სტუდიაში და მიეცემა თითოეულ კანდიდატს შესაბამისი დრო, რომ გამოხატოს საკუთარი პოზიცია", - განაცხადა ჩიტაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩიტაძის შეფასებით, მას არანაირი ცოდნა და ხედვა არ გააჩნია იმისთვის, რომ მართოს ქვეყანა.

„ეკონომიკის მიმართულებით არანაირი ცოდნა და ხედვა არ გააჩნია და არ გააჩნია ხედვა სხვა მიმართულებითაც. მას სახელწიფროებრივი აზროვნება აკლია, თავის პირად ამბიციას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს", - აცხადებს ჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 24 ოქტომბერს „პირველ არხზე" პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატები გაიმართება, სადაც ერთმანეთს 3 კანდიდატი დაუპირისპირდება - „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალი" გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.

პრაქტიკულად ყველა კვლევების მიხედვით, ამ სამეულს არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და ხვალ ისინი პირველად წარსდგებიან ერთმანეთის პირისპირ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×