ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რეიტინგული კანდიდატების პირველ სამეულში შედის, თუმცა იმავდროულად ყველაზე გასაიდუმლოებული ბიოგრაფიის კანდიდატიცაავაშაძე დაიბადა 1958 წელს საბჭოთა საქართველოში ცნობილი პარტიული მუშაკის, ნოდარ ვაშაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის #61 სკოლაში.
1975 წელს, იმ პერიოდში ჭიათურის კომიტეტის მდივნის პოსტზე მყოფი მამის დახმარებით გრიგოლი გადასახლდა მოსკოვში და მოეწყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სოლიდურ МГИМО-ს უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო როგორც საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის და დიპლომატიური კორპუსის, როგორც მაშინ ამბობდნენ, სამჭედლო. МГИМО-ში მოხვედრას სჭირდებოდა დიდი კავშირები რომლებიც ჰქონდა ვაშაძის მამას.
1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი ნატაშა ალხიმოვა. 1979 წელს ვაშაძეს და საბჭოთა კავშირის მთავარი ბანკირის ქალიშვილს ეყოლათ ვაჟი ნოდარი.
1981 წელს გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა МГИМО და გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯერ უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანხმლებად, შემდეგ კი ბევრად სერიოზულ მიმართულებაზე - კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით.
1988 წელს ვაშაძე მეორედ დაქორწინდა არანაკლებ ცნობილ და გავლენიან ნინო ანანიაშვილზე რომელსაც ახალგაზრდობის მიუხედავად, უკვე ჰქონდა მიღებული რუსეთის დამსახურებული არტისტის ტიტული.
1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვაშაძემ და ანანიაშვილმა საბჭოთა პასპორტები შეცვალეს რუსეთის მოქალაქეობით. საბჭოთა ეპოქიდან საბაზრო ეკონომიკაში გადასვლამ ნინო ანანიაშვილის შემოსავლები გაზარდა, მითუმეტეს რომ გრიგოლ ვაშაძე მის მენეჯერობასაც ითავსებდა.
გრიგოლის შვილი ნოდარ ვაშაძე დღეს 39 წლისა, რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის არმიის რეზერვშიც უნდა ირიცხებოდეს. ხვალ საქართველოსა და რუსეთს შორის ომი რომ დაიწყოს, მას რუსული არმიის რიგებში დგომა მოუწევს.
წყარო: "პრაიმტაიმი"