თბილისის ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმის, ნიკოლოზ რთველიაშვილის ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. როგორც ექიმი აცხადებს, რუსთავში აფეთქებისას დაშავებულ მოზარდს მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება აქვს, ასევე მოტეხილი აქვს თეძოს ძვალი.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მკურნალობს ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში. მას აქვს მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება. შოკური მდგომარეობით მიიყვანეს რუსთავის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვს ასევე მოტეხილი აქვს თეძოს ძვალი“,- განაცხადა ექიმმა.
ამასთან, თბილისის იაშვილის კლინიკაში მოთავსებულია კიდევ ერთი მოზარდი, რომელსაც ამ დროისთვის ფეხზე ოპერაცია უტარდება.
რუსთავის კლინიკებში აფეთქების შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. აქედან ექვსი - კლინიკა რუსთავში, სამი - ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.