საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ვარკეთილში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ინ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალებები განაპირობებს. ზურაბიშვილმა მოსახლეობას საინფორმაციო კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„აქ დგანან ახალგაზრდები. მინდა ვუთხრა დედებს – რაც ეხება მარიხუანას და ნარკოტიკებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და გავაფრთხილოთ ახალგაზრდობა, რომ ეს არის დიდი საფრთხე მათთვის, ძალიან დიდი საფრთხე ჯანმრთელობისთვის. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, სჭირდება ძალიან ჯანსაღი მოსახლეობა და ახალგაზრდობა, განათლებული და ჯანსაღი.
ჩვენ არ ვართ მატერიალურად განვითარებული ქვეყანა, სადაც შეიძლება რომელიმე „მსუბუქი ნარკოტიკი” იყოს გართობის საგანი. ჩვენთან არ არის ასეთი გართობა. ჩვენთან უნდა იყოს სერიოზული სწავლა, სერიოზული მუშაობა და არ გვცალია ამ "გართობებისთვის". არც თქვენ გცალიათ ამ გართობებისთვის ახალგაზრდებო. ჩვენ ერთად მივხედოთ ამ საინფორმაციო კამპანიას სკოლებში, ოჯახებში და სადაც მე დაგჭირდებით, იქ ვიქნები თქვენთან ერთად",– განაცხადა ზურაბიშვილმა.