(რეზონანსი) ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე მუხიანში, ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, - ამის შესახებ პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა ბიზნესმენის ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„გატაცებული იქ ორი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული, შემდეგ კი ნაქირავები „ტოიოტას" მანქანით გადაიყვანეს წყალტუბოში, სოფელ მაკლაკში, სადაც საწოლზე დააბეს, მოგვიანებით კი გატაცებულის მამას დაურეკეს და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ სამი მილიონი ლარი მოსთხოვეს", - განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.
პროკურორის თქმითვე, საქმეში დევს შემდეგი სახის მტკიცებულებები: თემქისა და მაღლაკისსახლების დათვალიერების ოქმები, მოწმეების ჩვენებები, მანქანის დათვალიერების ოქმები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები. სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
„საქმეში მონაწილე გარკვეული პირების ვინაობა დასადგენია, მათ შორის ვერონიკა პაპინას სახელით მოქმედი მდედრობითი პირის ვინაობა. დასადგენია ვინმე ასტამურას ვინაობა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის მითითებით საქმეში თანამზრახველია. დასადგენია პირი, რომელმაც უშუალოდ დაურეკა გატაცებულის მამას სამი მილიონი ლარის მოთხოვნით. ასევე დასადგენია პირი, რომელმაც ვიდეოკამერით გადაიღო დატყვევებულის კადრები და ჩაწერეს მოთხოვნები, რომლებიც ასევე გატაცებულის მამისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ სხვა თანამზრახველების ნაწილი აფხაზეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ", - განაცხადა პროკურორმა.
ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებული ათი პირიდან ხუთი გაათავისუფლეს. სამი დილით, ორი კი დაახლოვებით ერთი საათის წინ.
დანარჩენს ხუთს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.