პირველი ნოემბრიდან სესხის გამცემიც და სესხის ამღებიც ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება. სპეციალისტები ამობენ, რომ რეგულაციების შედეგად ფინანსებზე წვდომა მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს შეეზღუდება. "ოლნიუსმა" გააერთიანა ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ამ ეტაპზე ცნობილია და ძალაში პირველი ნოემბრიდან უნდა შევიდეს:
1. სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები იცვლება:
მაგალითად, თვეში ათასლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანი მხოლოდ იმ ოდენობის სესხს აიღებს, რომლის დაფარვისთვისაც თვეში მაქსიმუმ 200 ლარი უნდა გადაიხადოს. სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 3 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 5 000-7 000 ლარის ფარგლებში - 40%; 7 000-დან 10 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში კი - 50% უნდა იყოს.
2. სავალდებულო ხდება შემოსავლების დადასტურება:
ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდება სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება და მათი შემოსავლების დადასტურება. ბანკების ნაწილს 7 მაისიდან ეს უკვე შეეხო.
3. იპოთეკურ სესხი აღარ გაიცემა, თუ პირს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი აქვს:
პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ აიღებს. უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და იმავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლისა თუ თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ, როგორც საცხოვრებელი.
4. მკაცრდება სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესი:
დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საკრედიტო ბარათებსა და ოვერდრაფტებზე.
5. თანამსესხებელი ოჯახის წევრი უნდა იყოს:
პირველი ნოემბრიდან ბანკი სესხს არც იმ შემთხვევაში არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება. იცვლება ვადებიც. იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.