პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტურისტებს უნდა გააცნონ, რა არის ღირებული საქართველოსთვის, ასევე – რა არის ქვეყნის ფასეულობა და კულტურული სიმდიდრე.
„კონსტანტინე გამსახურდიას ქალაქში ნათქვამს, სადაც ის დაიბადა და სადაც არის მისი სახლ-მუზეუმი, სხვა დატვირთვა აქვს. გავიგე, რომ ამ სახლ-მუზეუმს მალე რესტავრაცია ჩაუტარდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია ტურიზმისთვისაც.
ტურიზმს ზოგჯერ მხოლოდ რაოდენობრივად ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ ის სხვანაირადაც უნდა დავინახოთ. ტურისტებს უნდა გავაცნოთ, რა არის ღირებული საქართველოსთვის, რა არის ჩვენი ფასეულობა და კულტურული სიმდიდრე. ამ კუთხით ტურიზმის განვითარება შესაძლებელია სახლ-მუზეუმების ქსელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.