რეზონანსი
19.10.2018

 აუტიზმის ფონდ „კამპუსის“ დამფუძნებელმა მარიამ კორკოტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს ექსკურსიაზე წასვლაზე უარი უთხრა. როგორც კორკოტაძე აღნიშნავს, მისი მეგობრის შვილი 165-ე სკოლის დირექტორის კაბინეტში დაიბარეს და ფსიქოლოგს ათქმევინეს მისთვის, რომ ექსკურსიაზე ვერ წაიყვანდნენ, რასაც მოსწავლის პროტესტი მოჰყვა. 

"ჩემი ფონდის წარმომადგენელია იმ აუტისტი ბავშვის დედა, რომელსაც ეს ამბავი შეემთხვა. დედას უთხრეს, რომ მოეფიქრებინა რამე და ბავშვისთვის ეთქვა, რომ ექსკურსიაზე ვერ წამოვიდოდა. ცხადია, დედა არ დათანხმდა მათ შემოთავაზებას, რის შემდეგაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკოლის ადმინისტრაციამ და ფსიქოლოგმა გადაწყვიტეს თავად ეთქვათ ბავშვისთვის უარი". 

იმის გასარკვევად თუ რა მოხდა, mshoblebi.ge აუტისტი ბავშვის მშობელს მაკა საკანდელიძეს დაუკავშირდა:

"დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ კვირას ექსკურსიაზე მიდიოდნენ და ლუკას ვერ წაიყვანდნენ მისი ქცევების გამო. ამიტომ მე უნდა მომეფიქრებინა რამე ტყუილი, რომ ის არ წასულიყო კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ვუთხარი, რომ ბავშვს ვერ მოვატყუებდი და თავად ეთქვათ ეს მისთვის. თან ისიც ვკითხე დირექტორს, როგორ ამეხსნა ლუკასთვის რა მოხდა, როცა კლასელების ექსკურსიის ფოტოებს ნახავდა. ამაზე მითხრეს, რომ ბავშვებს ფოტოების ატვირთვას აუკრძალავდნენ.

 საბოლოოდ, სკოლის ფსიქოლოგმა უთხრა ლუკას, რომ ექსკურსიაზე ვერ წამოვიდოდა, რაც ბავშვმა ძალიან გააპროტესტა და ანერვიულდა. მას ერთ-ერთ თანაკლასელთან აქვს კონფლიქტი და როგორც ჩანს, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ უნდათ მისი წაყვანა. 165-ე სკოლაში ახალი გადმოსულები ვართ. სკოლის ადმინისტრაციას არაერთხელ ვურჩიე, ბავშვებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად სპეციალისტები ჩაერთოთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×