რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) "უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ნათლად ადასტურებს, რომ ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა იყო გაყალბებული და საქართველოს ხელისუფლებამ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა სტრასბურგის სასამართლოს", - ეს განცხადება, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ჩივიაშვილის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს, დავით ცუხიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლად მუშაობდა.

ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ მას ევალებოდა იმ ვიდეოკადრების დათვალიერება, სადაც #9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე მარშრუტი ჩანს. მისივე თქმით, ცუხიშვილმა აღნიშნულ კადრებში „ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა".

"ეს ადამიანი იყო მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, რაც დასტურდება ამ საუბრებითაც, რაზეც ახლა ვსაუბრობ. ეს ადამიანი უშუალოდ აწარმოებდა მოკვლევას მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ ადამიანს აქვს დათვალიერებული ვიდეოკადრები, რომელიც უნდა ყოფილიყო მარშრუტი, რაც გაიარეს სასჯელაღსრულების დეპრტამენტამდე, N9 დაწესებულებიდან და ეს ადამიანი ათვალიერებს ასევე ჟურნალს, სადაც ხდება ადამიანებისა და მანქანების შესვლა და გასვლა, სადაც მერაბიშვილი იყო და არის მოთავსებული.

ეს ადამიანი წერს პატაკებს, თითქოს მის მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად ვერაფერი საინტერესო ვერ დადგინდა. ეს ადამიანი უთითებს, რომ კამერებში მანქანების გადადგილება ჩანს, მაგრამ საინტერესო ვერაფერი აღმოაჩინა. ამის შემდეგ პროკურატურაში გამოძიება, ისევ მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. იქაც იკითხება მოწმის სახით დავით ცუხიშვილი, სადაც ამბობს, რომ ჩაატარა მოკვლევა და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, გვაქვს სრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე მირზა სუბელიანის დავალებით ჩართული იყო აღნიშნული საქმის ფალსიფიცირებასა და გაყალბებაში", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×