რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) „ომეგა ჯგუფი" ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს. როგორც „ომეგა ჯგუფის" განცხადებაშია აღნიშნული, მათ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორ"-იდან მიიღეს კიდევ ორ აუდიოჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, მეორე ჩანაწერი კი ლევან ყიფიანისა და „ომეგას" მენეჯერების საუბარს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, პირველ აუდიოჩანაწერში საუბარია საერთო კომპანიის შექმნაზე, სადაც ერთ-ერთ მეწილედ შემოდიოდა ე.წ. ფონდი, რომელსაც ირაკლი ჩუბინიშვილი განმარტავდა, როგორც პარტიას.

"დადგინდა, რომ აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნის მიხედვით ასევე გამოიკვეთა ის მონაკვეთები, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაილს, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და „ომეგას" მენეჯერს შორის, სადაც „ომეგას" გადასახედების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ლევან ყიფიანი ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და ასევე ავტომობილებს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის", - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

ლევან აღგომელაშვილის თქმით, "ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტურობა".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×