ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების დროს, აფეთქება იგეგმებოდა. ეს ყველაფერი ქვეყანაში წინასაარჩევნოდ, დესტაბილიზაციის მოწყობას უკავშირდებოდა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს.
“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ ექსცესებს გეგმავდნენ, ეს დაკავშირებული იყო ამ ორი უბედური მამის უბედურების გამოყენებასთან. უნდოდათ, გადასულიყვნენ ქუჩის აქციებზე, დაგეგმილი ჰქონდათ აფეთქება, რომლის დროსაც არავინ დაშავდებოდა, გამოიწვევდა აჟიოტაჟს. კარვებს ვინც შლიდა, თუ გახსოვთ, იმათ შორის იყო, რომ თუ ხალხი ვერ მოვიყვანეთ, პატარა აფეთქება მოვაწყოთო. ამისთვის შესაბამისი ადამიანებიც მომზადებული ჰყავდათ.
როგორც მოგეხსენებნათ, საქართველო პატარაა ქვეყანაა და ინფორმაციები ადვილად ჟონავს. ამიტომ ვითხოვ ხელისუფლებისაგან შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდი ვითარება და კეთილი ინებოს და ჩაატაროს არჩევნები ისე, რომ საზოგადოება არ შეწუხდეს”, – აღნიშნა არეშიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, თუმცა არ დაასახელა, კონკრეტულად ვის ინტერესებში შედიოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა.