(რეზონანსი) განსაკუთრებული პირობები არავის არ აქვს და ამაზე თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში - აცხადებს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი და ამბობს, სუბელიანთან შეხვედრა არასდროს ჰქონია:
"მოვუსმინე ჩანაწერებს და მე ისეთი დასკვნა გავაკეთე, რომ საუბარი იმაზეა, რომ მირზა სუბელიანი საპატიმრო პირობებით კმაყოფილი მაინცდამაინც არ იყო, შესაბამისად, ამას წინ უძღოდა საუბარი, თითქოს მე და მას შეხვედრა გვქონდა და მოვილაპარაკეთ. მგონი, ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ორი ნათქვამი წინადადება ერთმანეთს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, მოვილაპარაკეთ კარგ პირობებზე და მეორე მხრივ, არის ჩვეულებრივად ისეთ პირობებში, როგორშიც ყველა პატიმარია.
"მინდა გითხრათ, რომ დახურულ დაწესებულებებში არც ერთი პატიმარი არ იმყოფება განსაკუთრებულ პირობეში, ყველას აქვს ნორმალური, სტანდარტში ჩამჯდარი პირობები. განსაკუთრებული პირობები არავის არ აქვს და ამაზე თავად მირზა სუბელიანმა ისაუბრა ამ ჩანაწერში. არასდროს არ მქონია მირზა სუბელიანთან შეხვედრა, დაკავებამდე ორი დღით ადრე, როგორც თავად აცხადებს, არც დაკავების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი ვიყავი და სრული უფლება მქონდა, შევხვედროდი ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მირზა სუბელიანს", - განაცხადა კახიშვილმა.