რეზონანსი
18.10.2018

 (რეზონანსი) მთავარი პროკურატურა სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კლუბებში - „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რამდენიმე ბრალდებული ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ ციტრამონს და პარაცეტამოლს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს. ამასთან, რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ." აცხადებენ პროკურატურაში

„ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა. მათივე თქმით, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×