
ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კასპში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი შეეცადა, სალომე ზურაბიშვილისთვის სიტყვით გამოსვლა შეეწყვეტინებინა, სცენასთან მივიდა და განაცხადა: „ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ქვეყნის ჯაშუში“. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ახალი ხელწერა არ არის.
„თუ ვაცხადებთ, ევროპელობა გვინდა ან თუნდაც ქართველობა, რომელიც ზრდილობით იწყება, გარკვეული წესები დაცული უნდა იყოს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემომთავაზეს, რომ ხელი მომეწერა ქარტიაზე, რომელიც თუ არ ვცდები ერთ-ერთი საელჩოს და ცესკო-ს ერთობლივი ინიციატივა იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს აგვეღო ვალდებულება, კონკურენტებს ერთმანეთისადმი სიძულვილის ენა არ გამოგვეყენებინა. მე ამ ქარტიაზე ხელი არ მოვაწერე, რადგან არასდროს გამილანძღავს ჩემი ოპონენტები.
ჩემი ქარტია არის ჩემი ზრდილობა, ქართველობა. როგორც მე ვუწოდებ, ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან, ვერ იკავებენ თავს და ერთმანეთსაც ლანძღავენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.