(რეზონანსი) ნიკა ვეშაპიძე, ბელგიის საავადმყოფოში ლეიკემიასთან მებრძოლი ქართველი ბიჭი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, რომელიც ნიკამ "კვირის პალიტრასთან" სიკვდილამდე ჩაწერა.
ნიკა ვეშაპიძე:
- სკოლა რომ დავამთავრე, მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი მშობლები იყვნენ წინააღმდეგი. მაინცდამაინც "ზოოვეტში" უნდოდათ, ჩამებარებინა - მათემატიკა არ ვიცოდი, იქ კი ეს საგანი არ ბარდებოდა და - იმიტომ. არადა, არც თეატრალურ ინსტიტუტში ბარდებოდა მათემატიკა, მაგრამ... დღემდე განვიცდი, ოცნება რომ ვერ ავისრულე და ახლაც თან მაქვს ოდესღაც საქართველოდან წამოღებული უძვირფასესი ავტოგრაფი, რომელიც ქუჩაში შემთხვევით გადაყრილმა ჩემმა უსაყვარლესმა ლეილა აბაშიძემ მომცა... მერე ცოლი შევირთე და ბელგიაში გავემგზავრეთ, ბრიუსელთან ახლოს, პატარა ქალაქში ძალიან იაფად ვიშოვე საცხოვრებელი. ჩემს მოხატულ ქვებს ვყიდდი და იმ თანხით ვირჩენდი თავს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, თანხის დაგროვებაზე მეტად ის მახარებდა, ჩემი ნამუშევრები ხალხს რომ მოსწონდა. შემდეგ ქვებიდან ტილოებზე გადავედი... მეუღლეს დავცილდი და იგი პატარა ვაჟთან - გიორგისთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მე კი იქ დავრჩი.მალე ბელგიის მოქალაქეც გავხდი, სხვათა შორის - ძალიან იოლად და უკვე ოფიციალურად მუშაობის საშუალებაც მომეცა. ერთხანს კურიერად ვმუშაობდი - გარეცხილი თეთრეული მანქანით დამქონდა საავადმყოფოებში, მერე თაბაშირით მაკეტების კეთება დავიწყე... ბოლოს, 10 წლის განმავლობაში დაცვის სამსახურში ვმუშაობდი, ვიდრე ავადმყოფობა მომერეოდა...
- ნიკა, ევროპაში რას ხატავდით?
- აბსტრაქციების ხატვა არ მიყვარდა, ძირითადად, მაინც პეიზაჟებსა და თბილისის ხედებს ვხატავდი, ასევე - პორტრეტებსაც და კიდევ, ყველაფერს, რასაც მიკვეთავდნენ ბელგიასა და საფრანგეთში. საკმაოდ დიდ ტილოებსაც ვასრულებდი, 4-მეტრიანსაც. ხანდახან დამკვეთებთან შინაც ვმუშაობდი. სამწუხაროდ, იმ ნახატების ფოტოებიც კი არ დავიტოვე, არც - ქვებზე ნამუშევრების... გამოფენებიც მქონდა ბელგიაში - რამდენჯერმე. ყველაზე მეტი რა ნახატში გადამიხადეს? - 3 მეტრის სიგრძის ტილო იყო. მასზე მუქ ფერებში ჩემი ცხოვრების სევდიანი ეპიზოდი შევიტანე. იქვე გამოვსახე ეკლესია, რომელსაც გახლეჩილი ჰქონდა უკანა კედელი, საიდანაც მე გამოვდიოდი, თეთრებში. ალბათ, ამით უკეთესი ცხოვრების იმედს ვიტოვებდი... არ ვიცი... ამ სტილის ნახატი საფრანგეთში ბევრს მოეწონა და ერთმა, "პარიზის დედოფლადა" და "მის პარიზად" წოდებულმა ტრანსვესიტმა შემიკვეთა, ოღონდ პირვანდელზე გაცილებით დიდი, იმავე შინაარსის ტილო და 2000 ევროზე მეტი გადამიხადა. ამით შევიტანე საგარანტიო თანხა ბინის დასაგირავებლად, არადა, ნეტავ იცოდეთ, მყიდველისთვის თანხის დასახელების როგორ მერიდებოდა, მრცხვენოდა ჩემი ნახატებისა და მაკეტების გაყიდვისას ფულზე ლაპარაკი.
ახლა, ლეიკემია ძალიან რომ გამიმწვავდა და ურთულეს ფორმაში მაქვს, ვიფიქრე, რაიმე რომ მომივიდეს, ჩემს ნამუშევრებს ვინ მიხედავს-მეთქი, თანაც, ბოლო წუთამდე მინდა, ხალხს პატივი ვცე. ამიტომ მცირე ზომის რამდენიმე მაკეტი დავიტოვე, ხოლო ხისგან დამზადებული 10 მოზრდილი მაკეტი ქუჩაში დავაწყე. 5 წუთში ყველა წაღებული ჰქონდათ. მიხარია, რომ ადამიანებს ვასიამოვნე.
- ყველაფერს მაინც ნუ გააჩუქებთ, ვფიქრობ, კარგად გახდებით და თავად ჩამოიტანს საქართველოში...
- არ ვიცი... არ ვიცი... ექიმებსაც აღარ აქვთ იმედი და... თუმცა... საქართველოში 25 წლის გიორგი მყავს, ადრე უფრო ხშირად ვურთიერთობდით, მაგრამ... თავისი ცხოვრება აქვს, დაკავებულია. მთავარია, კარგად იყოს და ცუდი არაფერი მოიწიოს. ჩემი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, დამირეკა... დედაჩემი 6 წელიწადია, არ მინახავს. ბევრჯერ ვინანე, საქართველოდან რომ წავედი. ალბათ, ჯობდა, ჩემებთან ერთად ვყოფილიყავი... 25 წელიწადი დავკარგე... თუ გადავრჩი და კიდევ მომიმართა ღმერთმა ხელი, აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში და დავრჩები.
წყარო: კვირის პალიტრა