(რეზონანსი) სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულება დატოვეს, სადაც მათ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მოინახულეს.
მირზა სუბელიანმა გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ მიაწოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან მირზა სუბელიანმა მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილის უფლებების დაცვა მოითხოვა.
"გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და კომენტარი არ გააკეთა. არ ისურვა ამ თვალსაზრისით ჩვენთან თანამშრომლობა. ერთადერთი, რაზეც მან გამოხატა ჩვენი დახმარების სურვილი, ეს შეეხებოდა მისი შვილის უფლებების დაცვას ხორავას ქუჩის საქმის გარშემო. სხვა თვალსაზრისით, მას ჩვენს მიმართ რაიმე თხოვნა არ გაუკეთებია.
ბევრ რამეს მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიტყვი. მისი სურვილი იყო ამაზე რაიმე კომენტარი არ გაგვეკეთებინა. ის თვლის, რომ მისი ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა შვილთან დაკავშირებით ასეთი თავდასხმები. ამიტომ, ის თვლის, რომ მისი შვილის უფლებები იყო დარღვეული და აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან ჰქონდა მხოლოდ ეს თხოვნა, რომ მისი შვილის ინტერესები ყოფილიყო დაცული.
"მან განგვიცხადა, რომ საფრთხეს არ გრძნობს. ის სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ არის საკანში", - განაცხადა ლომჯარიამ.