(რეზონანსი) "საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა."- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
"საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.
გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.
დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით", - ამბობენ პროკურატურაში.